სამშენებლო პროექტი, განსაკუთრებით, მსხვილი, ყოველთვის ორი მხარის ნდობაზეა დამოკიდებული – დამკვეთისა და კონტრაქტორის. ეს ნდობა პრაქტიკაში სამართლებრივ კონტრაქტში ვლინდება. პრობლემა სწორედ იმ დროს იჩენს თავს, როცა აღნიშნული კონტრაქტი ბუნდოვანი, ცალმხრივი ან ცუდად შედგენილია. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაცია – ვადის გაჭიანურება, ხარჯების ზრდა, ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობით, ან სამართლებრივი დავით მთავრდება.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს FIDIC – საინჟინრო კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაცია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში FIDIC-მა კონტრაქტების სტანდარტული ფორმები შეიმუშავა. ეს ფორმები დღეს ყველა კონტინენტზე, ათასობით პროექტში გამოიყენება. სამშენებლო სექტორის ექსპერტული მხარდაჭერა ამ სტანდარტების სიღრმისეული ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტი საერთაშორისო დამფინანსებლებს, სახელმწიფო სტრუქტურებს ან სხვადასხვა ქვეყნის მხარეებს ერთდროულად მოიცავს.

რა ხდის FIDIC-ს უნიკალურს?

FIDIC-ის კონტრაქტები სამშენებლო პროფესიონალებს, იურისტებსა და დამფინანსებლებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კომპრომისის შედეგია. 

მათი პრინციპები პრაქტიკაში ასე გამოიყურება: თუ დამკვეთი ადგილს ირჩევს, ის პასუხისმგებელია ადგილის სპეციფიკაზე. თუ კონტრაქტორი მშენებლობას ახორციელებს, სამუშაოს ხარისხზე ვალდებულება მას ეკისრება. თუ ვინმე საკუთარ ფარგლებს სცდება  ან კონტრაქტი ბალანსს არღვევს, ეს FIDIC-ის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაა. სწორედ ეს სიმეტრია განასხვავებს FIDIC-ს ჩვეულებრივი ლოკალური ხელშეკრულებებისგან, სადაც ხშირად ერთი მხარე ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს, მეორე კი – ყველა უფლებას ინარჩუნებს.

ამ მიდგომის შედეგი პრაქტიკაშიც ჩანს: FIDIC-ის კონტრაქტებით მსოფლიო ბანკი, EBRD, ADB და სხვა მსხვილი საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციები სარგებლობენ.

FIDIC-ის „ფერადი წიგნები” – რომელი უნდა აირჩიოთ თქვენი პროექტისთვის?

FIDIC-ის კონტრაქტები სხვადასხვა ფერის „წიგნების” სახითაა ცნობილი. თითოეული კონკრეტული ტიპის პროექტისთვისაა განკუთვნილი და მათ შორის არჩევანი ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

  • წითელი წიგნი გამოიყენება მაშინ, როდესაც პროექტირება დამკვეთის პასუხისმგებლობაა. კონტრაქტორი მზა პროექტის მიხედვით მუშაობს და, შესაბამისად, პროექტის ხარვეზებზე პასუხს არ აგებს. ეს ფორმა ყველაზე გავრცელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშია.
  • ყვითელი წიგნი განკუთვნილია Design-Build ტიპის პროექტებისთვის, სადაც კონტრაქტორი ერთდროულად პროექტირებასა და მშენებლობას ახორციელებს. ეს მოდელი კონტრაქტორს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ დამკვეთს კოორდინაციის სიმარტივეს ანიჭებს. 
  • ვერცხლისფერი წიგნი EPC/Turnkey პროექტებისთვისაა გამიზნული, სადაც ინვესტორს ფიქსირებული ფასი და ვადა სჭირდება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტორი მაქსიმალურ რისკს იღებს, შესაბამისად, ეს ფორმა მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ობიექტის შესახებ სრული ინფორმაცია არსებობს.

კონტრაქტის სწორი ფორმის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ხელშეკრულების პირობები. მცდარი ფორმის გამოყენება კონტრაქტების ადმინისტრირებისა და ფინანსური აუდიტის ეტაპზევე რთულად გამოსწორებად პრობლემად იქცევა.

რისკების მართვა და დავების გადაწყვეტის მექანიზმები

FIDIC-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი DAB-ია – Dispute Adjudication Board, ანუ დავების განხილვის საბჭო. ეს არც სასამართლოა და არც არბიტრაჟი. მასში ერთიანდება დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც პროექტს გაეცნობა და, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ, დროებით სავალდებულო გადაწყვეტილებას იღებს.

ეს მექანიზმი ერთდროულად ორ პრობლემას წყვეტს: პროექტი არ ჩერდება იმ დროს, როცა მხარეები სასამართლოში დავობენ და ადგილობრივი კანონმდებლობის სხვაობები ნაკლებ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, რადგან გადაწყვეტილებას კვალიფიციური ექსპერტები კონტრაქტის პირობების მიხედვით იღებენ. 

რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კარგად შედგენილი კონტრაქტი თავადვე თვალსაჩინოს ხდის, სად და რა სახის დავა შეიძლება, წარმოიშვას, შესაბამისად, ის წინასწარვე ადგენს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია. სწორედ ეს განსხვავება – პრევენცია და არა რეაქცია – ახასიათებს FIDIC-ის კონტრაქტებს.

რატომ არის კრიტიკული კონტრაქტების პროფესიონალური ადმინისტრირება?

FIDIC-ის კონტრაქტზე ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია. ეს ხელშეკრულება ათობით პროცედურულ ვალდებულებას შეიცავს: შეტყობინების ვადები, მოთხოვნების წარდგენის წესი, გადახდის განრიგი, ვადების ცვლილების დოკუმენტირება. ამ ვალდებულებებიდან ერთ-ერთის გამოტოვება ხშირად ნიშნავს, რომ მხარე უფლებას კარგავს, მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად მართალი იყო თუ არა.

ეს პარადოქსია – კარგი FIDIC კონტრაქტი ცუდ ადმინისტრირებასთან კომბინაციაში შეიძლება, მეორე მხარის სასარგებლოდ გამოიყენებოდეს. სწორედ ამ მიზეზით, კონტრაქტების ადმინისტრირება და ფინანსური აუდიტი პრაქტიკაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ამ კონტრაქტის შედგენა. განსაკუთრებით გრძელვადიან პროექტებში, რომლებშიც გუნდი იცვლება, პირობები კორექტირდება და ყველა ცვლილება სათანადოდ უნდა ფიქსირდებოდეს.

პროექტების პროფესიონალური მენეჯმენტი ხელშეკრულების სწორ ადმინისტრირებასთანაა კავშირში. პროექტი, რომელსაც კვალიფიციური მენეჯმენტი მართავს, ნაკლებ სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის და, შესაბამისად, ზედმეტ ხარჯს, ვადის დარღვევასა და მოულოდნელ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ.

FIDIC კონტრაქტები საქართველოში: მოლოდინი და რეალობა

ქართულ ბაზარზე FIDIC-ის კონტრაქტების გამოყენება ძირითადად სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება. მსოფლიო ბანკის, EBRD-ის ან ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები FIDIC-ის ფორმებს ითხოვს. თუმცა, ბოლო წლებში ამ სტანდარტებს ქართული კერძო სექტორიც სულ უფრო ხშირად მიმაართავს, მიზეზი კი საერთაშორისო ინვესტორები არიან. ინვესტორი, რომელიც სხვა ქვეყნებში FIDIC-ის კონტრაქტებს იცნობს, ქართულ „ინდივიდუალურ” ხელშეკრულებას ადვილად არ ენდობა.

ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობს ან უცხოელ პარტნიორებს ეძებს, FIDIC-ის კონტრაქტის ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება კვალიფიკაციის ნაწილია. კომპანია, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, ტენდერში სხვა კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ დგას.

FIDIC კონტრაქტი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც სწორად გამოიყენება

სტანდარტი ბუნდოვანი პირობებით, დარღვეული პროცედურებით ან სუსტი ადმინისტრირებით პროექტში არსებულ პრობლემებსა და რისკებს ვერ აღმოფხვრის. პირიქით, ის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, სადაც გამოტოვებული ვალდებულება ყოველთვის ძვირი ჯდება.

სწორი მიდგომა კი ასე გამოიყურება: კონტრაქტის ფორმის სწორად შერჩევა, მისი პირობების პრაქტიკული ადმინისტრირება, მოთხოვნების დროული დოკუმენტირება და რისკების სისტემური მონიტორინგი. ამ პროცესს კი სჭირდება გამოცდილი გუნდი, რომელიც FIDIC-ის მიდგომებს რეალური პროექტებიდან იცნობს. გზამკვლევი მშენებლობის რისკების მართვაზე – სწორედ აქედან შეგიძლიათ, პროცესი დაიწყოთ. 

თუ გსურთ, თქვენი პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმართებოდეს, დაუკავშირდით CQM-ს. კვალიფიციური გუნდი FIDIC-ის კონტრაქტების სწორ შერჩევასა და ადმინისტრირებაში დაგეხმარებათ.