საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამშენებლო ხარჯების ინდექსი 2022 წლიდან დღემდე 23.7%-ით გაიზარდა. ეს რიცხვი დეველოპერებისთვის მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ის ნიშნავს, რომ 2022 წელს შეფასებული პროექტი დღეს, იმავე პარამეტრებით, მნიშვნელოვნად ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ, ფასების ინფლაცია სამშენებლო მასალებზე დეველოპერებისა და ინვესტორების ყველაზე ხშირი შეკითხვის დასმის საფუძველი გახდა: როგორ დავიცვათ სამშნებლო ბიუჯეტი, როცა ბაზარი ამდენ ცვლადს შეიცავს?

პასუხი სტრატეგიული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა, რომელიც პროექტის დაგეგმვის ეტაპიდანვე იწყება და მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება. კომპანიები, რომლებიც ამ პროცესს სისტემატურად მართავენ, ყველა ეტაპს მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდებიან.

რატომ არის ინფლაცია მშენებლობის მთავარი ფინანსური რისკი?

სამშენებლო ბიუჯეტის 50-დან 70 პროცენტამდე მასალებზე მოდის. ეს პროპორცია ნიშნავს, რომ ფასების მცირე ცვლილებაც კი მთლიან ბიუჯეტს მკვეთრად ცვლის. გასული სამი წლის განმავლობაში ეს ცვლილებები მცირე ნამდვილად არ ყოფილა.

მიზეზები გლობალურია. სატვირთო გადაზიდვების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რადგან გემები, რომლებიც ადრე სუეცის არხს გადიოდნენ, ახლა კეთილი იმედის კონცხს უვლიან გარს. ეს კი კონტეინერის ტვირთის ღირებულებას ზრდის. UNCTAD-ის მონაცემებით, საზღვაო სავაჭრო მარშრუტების ცვლილებამ 2024 წელს ტვირთის გამოვლილი მანძილი რეკორდული 6%-ით გაზარდა, ეს კი ყოველ კილომეტრზე დამატებითი ხარჯია.

გარდა ამისა, ლითონებზე – სპილენძზე, ალუმინსა და ფოლადზე – გლობალური მოთხოვნა იზრდება, ძირითადად განახლებადი ენერგეტიკის სფეროს სწრაფი განვითარების გამო. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ძირითადი ლითონების ფასები 2026-2027 წლებში კიდევ გაიზრდება, რადგან სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესი დაჩქარდება და მიწოდების შეზღუდვები ამ ბაზარზე კვლავ შენარჩუნდება.

ქართული ბაზარი ამ ტენდენციებისგან მოწყვეტილი არ არის. Geostat-ის ბოლო მონაცემებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ხელფასები წლის განმავლობაში 9.8%-ით გაიზარდა – ეს ყველაზე მძლავრი ფაქტორია, რომელიც სამშენებლო ხარჯების ინდექსს გადააადგილებს. სამშენებლო მასალების ფასები კი კვარტალიდან კვარტალამდე ისე იცვლება, რომ ამის გათვლა ბიუჯეტირებისას სერიოზულ გამოწვევად იქცა. ამ რეალობაში, ვინც ბიუჯეტს ერთხელ ადგენს და შემდეგ მასზე დაყრდნობით იმოქმედებს, გაუცნობიერებლად რისკავს.

სტრატეგია 1: ადრეული შესყიდვები და „ფასის ჩაკეტვა”

ბევრ დეველოპერს ჰგონია, რომ მასალები მხოლოდ მაშინ უნდა შეიძინოს, როცა მშენებლობა ამ ეტაპს მიაღწევს. ეს ლოგიკა გასაგებია, მაგრამ ინფლაციური ბაზრის პირობებში ეს მიდგომა საკმაოდ ძვირი ჯდება.

ადრეული შესყიდვის სტრატეგია ნიშნავს, რომ კრიტიკული მასალები, განსაკუთრებით ის, რომელთა ფასიც ყველაზე ცვალებადია, შეძენილია და დასაწყობებულია იქამდე, სანამ ფასი გაიზრდება. პრაქტიკაში ეს ხშირად ლითონის კონსტრუქციებს, სპილენძის კაბელებსა და საიზოლაციო მასალებს ეხება, რადგან სწორედ ეს კატეგორიები რეაგირებს გლობალურ ტენდენციებზე ყველაზე სწრაფად. 

ამ სტრატეგიას კარგად დაგეგმილი ბიუჯეტირება და ხარჯების სისტემა, სწორი გათვლები და შენახვის ლოჯისტიკა სჭირდება. ფასის „ჩაკეტვა”, ანუ მომწოდებელთან გრძელვადიანი ფიქსირებული ფასით შეთანხმება, კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც გამოცდილი სამშენებლო პროექტების მართვის ლიდერი კომპანიები სისტემატურად იყენებენ.

სტრატეგია 2: Value Engineering – ხარისხიანი ალტერნატივების ძიება

ხარჯების ოპტიმიზაცია მშენებლობაში ხშირად ხარისხის დათმობასთანაა გაიგივებული, რაც არასწორია.

Value Engineering არის პროცესი, რომლის დროსაც ინჟინრები და ხარჯების მენეჯერები ერთად განიხილავენ, შეიძლება თუ არა კონკრეტული მასალის ან კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლა ისეთი ალტერნატივით, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ საძირკველი კონსტრუქცია, სახურავის სისტემა ან ფასადისთვის განკუთვნილი მასალა შეიძლება,  სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტის გამოყენებით გადაიხედოს. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დიზაინის ადრეულ ეტაპზე დაიწყოს. რაც უფრო შორს არის პროექტი განხორციელებიდან, მით უფრო იაფია ცვლილება. მშენებლობის პროცესში ცვლილება ყოველთვის ძვირი ჯდება ვადების, ხელახალი დოკუმენტაციისა და უკვე შეძენილი მასალების გამო. მშენებლობის მართვის სრული მომსახურება სწორედ ამ ეტაპის სწორ მართვას მოიცავს.

სტრატეგია 3: ფასების ინდექსაცია და სწორი კონტრაქტები

გრძელვადიანი პროექტების დროს ხშირია სიტუაცია, როცა კონტრაქტი ერთ ფასზეა გაწერილი, სამუშაო კი სულ სხვა პირობებში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დანაკარგი ან კონტრაქტორს ეკისრება, ან მხარეებს შორის კონფლიქტის წყარო ხდება.

სამშენებლო კონტრაქტების მართვა და აუდიტი ამ პრობლემის პრევენციის ყველაზე საიმედო გზაა. კონტრაქტში ფასების ინდექსაციის პირობა ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს ბაზრის ცვლილებებს და ამ ცვლილებების ტვირთი სამართლიანად ნაწილდება ორ მხარეს შორის. ეს პირობა სწორად ჩამოყალიბებული რომ არ იყოს, კონტრაქტორი ფასის ზრდას ბიუჯეტში წინასწარ გაითვალისწინებს, ხშირად გადაჭარბებულადაც, რათა საკუთარი რისკი დაფაროს. სწორად შედგენილი კონტრაქტი ზედმეტ მარჟას ხსნის და ორივე მხარის ინტერესს რეალობას შეუსაბამებს. 

RICS-ის სტანდარტები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, სამ ძირითად გზას გვთავაზობს: 

  • ფიქსირებული ფასი, რომლის რისკსაც კონტრაქტორი იღებს
  • შრომისა და მასალების ღირებულების ცვლილებაზე მიბმული კორექტირება
  • ინდექსაცია, სადაც ცვლილება ოფიციალური ინდექსის საფუძველზე გამოითვლება. 

რომელი შეესაბამება კონკრეტული პროექტის ინტერესებს, ხელშეკრულების ვადაზე, მასალების სტრუქტურასა და ბაზრის პროგნოზზეა დამოკიდებული.

სტრატეგია 4: ბიუჯეტის რეზერვების სწორი დაგეგმვა

ბევრი პროექტი სირთულეებს აწყდება არა იმიტომ, რომ ფასი გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ გაზრდა გაუთვალისწინებელი იყო. ეს ორი პრობლემა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

სამშენებლო რისკების ანალიზისა და პრევენციის სერვისი პროექტის საწყის ეტაპზე ფასობრივი რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას გულისხმობს. ამის საფუძველზე კი განისაზღვრება ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც სპეციალურად გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არის გამოყოფილი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი სამშენებლო პროექტებში, ჩვეულებრივ, 5-10%-ს შეადგენს, ინფლაციურ გარემოში კი ამ ზღვარს ზემოთ ასვლა გამართლებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზერვი საპროექტო ბიუჯეტში ნათლად იყოს გამოყოფილი.

სტრატეგია 5: ბაზრის მონიტორინგი – გადაწყვეტილება ინფორმაციით

ფასები ერთ ღამეში იშვიათად იცვლება. უმეტეს შემთხვევაში, ბაზრის ტენდენცია რამდენიმე კვარტლის განმავლობაში იკვეთება, სანამ ღირებულება მკვეთრად შეიცვლება. სწორედ ამიტომ, სამშენებლო ბიუჯეტირება არ შეიძლება, ერთჯერადი მოქმედება იყოს.

გლობალური ლოჯისტიკური ბაზრის, ლითონების ფასების, ენერგომატარებლების ღირებულებისა და სავალუტო კურსის რეგულარული მონიტორინგი გადაწყვეტილებების ფაქტების საფუძველზე მიღებას უზრუნველყოფს. ეს მონაცემები ხელმისაწვდომია. კომპანია, რომელიც ბაზარს პერმანენტულად აკვირდება, სამი თვით ადრე ხედავს იმ ტენდენციებს, რომლებიც სხვებისთვის შეიძლება, მოულოდნელი იყოს. 

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო დიზაინის მართვა, რადგან ფასების ცვლილება მხოლოდ ბიუჯეტზე არ აისახება – ხშირად საჭიროა საპროექტო გადაწყვეტილებების გადახედვა, ალტერნატიული მასალების შეფასება ან ისეთი ტექნიკური გადაწყვეტის შერჩევა, რომელიც პროექტის ხარისხს ინარჩუნებს და ხარჯებს უფრო პროგნოზირებადს ხდის.

პროაქტიური მიდგომა – ერთადერთი, რაც მუშაობს

ინფლაცია ბაზრის ობიექტური მახასიათებელია. მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მართვა კი –  შესაძლებელი. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი სტრატეგია ცალ-ცალკეც მუშაობს, ერთობლივად კი ქმნის სისტემას, სადაც ბიუჯეტი ბაზრის ცვლილებებს უძლებს.

განსხვავება ისაა, რომ კომპანიები, რომლებიც პრობლემაზე მაშინ ფიქრობენ, როცა ის უკვე ბიუჯეტშიც ჩანს, პროცესს ყოველთვის აგვიანებს. ვინც სტრატეგიას წინასწარ აწყობს, პროექტის მსვლელობისას გზად ნაკლებ მოულოდნელობას შეეჩეხება. ეს განსხვავება ხშირად პროექტის რენტაბელობასა და ზარალს შორის გადის.

თუ გსურთ ბიუჯეტი ბაზრის ცვლილებებისგან დაიცვათ, დაუკავშირდით CQM-ის გუნდს და მიიღეთ მათგან პროფესიონალური კონსულტაცია.